
ბოდბისხეველი მეცნიერი, რომელმაც ქართული ფსიქიატრიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში 1902 წლის 15 თებერვალს დაიბადა ავლიპ ზურაბაშვილი, ქართველი ფსიქიატრი, მეცნიერი და პედაგოგი, რომლის სახელსაც ქართული ფსიქიატრიის განვითარებას უკავშირებენ.
მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა და პროფესიული საქმიანობა ფსიქიატრიის მიმართულებით გააგრძელა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლენინგრადის სამეცნიერო და სამედიცინო დაწესებულებებში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში და თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრაზე. 1938 წლიდან კი მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი იყო.
ავლიპ ზურაბაშვილის სამეცნიერო საქმიანობა ძირითადად კლინიკურ ფსიქიატრიასა და ნეირომორფოლოგიას უკავშირდებოდა. მას გამოქვეყნებული ჰქონდა 400-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და 20-ზე მეტი მონოგრაფია. მისი კვლევების მნიშვნელოვანი ნაწილი ადამიანის და ცხოველთა ცენტრალური ნერვული სისტემის სტრუქტურას, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიასა და ფსიქიატრიის სხვადასხვა საკითხს ეხებოდა.
მისი ცხოვრების გზა განსაკუთრებით საინტერესოა იმითაც, რომ თავდაპირველად მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა და მის თანაკურსელებს შორის ცნობილი მათემატიკოსები ანდრია რაზმაძე და ნიკო მუსხელიშვილი იყვნენ. ორი წლის შემდეგ მან პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა და მედიცინას დაუკავშირა ცხოვრება. მოგვიანებით, სამედიცინო ინსტიტუტში სწავლისას, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სანიტრად დაიწყო მუშაობა. როგორც მისი შვილი იხსენებდა, ავლიპ ზურაბაშვილმა პროფესიული გზა სწორედ ყველაზე დაბალი საფეხურიდან დაიწყო და დიდი შრომითა და მონდომებით მიაღწია წარმატებას.

მეცნიერულ საქმიანობასთან ერთად, ავლიპ ზურაბაშვილი გამორჩეული იუმორითაც იყო ცნობილი. თანამშრომლები მას სიყვარულით „პაპას“ ეძახდნენ, პაციენტები კი ორშაბათობით მის შემოვლებს განსაკუთრებულად ელოდნენ. მისი არაერთი ხუმრობა და გამონათქვამი წლების შემდეგაც შემორჩა.
სიცოცხლის ბოლო პერიოდში ავლიპ ზურაბაშვილი განსაკუთრებით დაინტერესდა ზნეობრივ-მორალური საკითხებით და შემოიტანა ცნება „ჰომო მორალოს“. მისი აზრით, ადამიანის მორალური თვისებები არ ქვეითდება მაშინაც კი, როდესაც მას ფსიქიკური ან გონებრივი პრობლემები აქვს.
ავლიპ ზურაბაშვილი 1994 წელს გარდაიცვალა და დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. მისი სახელი დაკავშირებულია ქართული ფსიქიატრიისა და ტვინის კვლევის ისტორიასთან, ხოლო მისი მშობლიური ბოდბისხევი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ის სოფელია, რომელმაც საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერი და ფსიქიატრი აღუზარდა.