
ხალხის მიერ „საქართველოს ბულბულად“ წოდებული ვანო სარაჯიშვილი - ქართველი ლირიკული ტენორი დაიბადა 1879 წლის 1 მაისს, ქალაქ სიღნაღში.
მის სახელთან დაკავშირებულია ქართული პროფესიული ვოკალური ხელოვნების განვითარება და პოპულარიზაცია.
ვანო სარაჯიშვილი თბილისში, გიმნაზიაში სწავლის პერიოდში, მღეროდა ზაქარია ჩხიკვაძისა და სანდრო კავსაძის გუნდში.
1903 წელს გაემგზავრა ქალაქ პეტერბურგში პროფესიული განათლების მისაღებად. მისი პედაგოგები იყვნენ: პრიანიშნიკოვი და პანაევა-კარცევა.
1905 წელს ვანო სარაჯიშვილი გამოდიოდა ლექსანდრე წერეთლის მიერ შექმნილ ,,ახალი ოპერის’’ დასში და პარტნიორობას უწევდა ისეთ დიდ კორიფეებს, როგორებიც იყვნენ: ლინა კავალიერი, ტიტა რუფო, ევგენი ჯირალდონი, მაზინი და სხვა...
1906-1908 წლებში ცხოვრობდა იტალიაში და მეცადინეობდა კონსერვატორიის ცნობილ მაესტრო კასტელანოსთან. აქვე დაეუფლა იტალიური ბელ კანტოს ხელოვნებას.
შალიაპინის რეკომენდაციით ლა-სკალას თეატრში ვანო სარაჯიშვილის წარმატებული დებიუტი შედგა. მიუხედავად შალიაპინის დაჟინებული მოთხოვნისა, რომ მომღერალს გაეგრძელებინა ევროპული კარიერა, ვანომ სამშობლოში დაბრუნება არჩია.
1908 წლიდან წარმატებით გამოდის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. მას ნამღერი აქვს ქართველი და ევროპელი კომპოზიტორების გენიალურ ოპერებში.
ვანო სარაჯიშვილი გარდაიცვალა 1924 წლის 11 ნოემბერს და დაკრძალულია თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ეზოში.
1947 წლიდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას ვანო სარაჯიშვილის სახელი მიენიჭა.