სოლომონ დოდაშვილი

ფილოსოფოსი, ლიტერატორი, მთარგმნელი, ენათმეცნიერი, პედაგოგი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე,

საერთაშორისო მასშტაბის სწავლული: ფილოსოფოსი, ლიტერატორი, მთარგმნელი, ენათმეცნიერი, პედაგოგი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, კულტურტრეგერი და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თაოსანი.
დაიბადა 1805 წლის 17 მაისს სიღნაღის მაზრის სოფელ მაღაროში.
პირველდაწყებითი განათლება სიღნაღის სამრევლო სასწავლებელში შეიძინა, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში განისწავლა. მისი განათლების გამეცნიერების საქმეში წვლილი შეიტანეს: ბოდბელმა მიტროპოლიტმა იოანე მაყაშვილმა, რუსმა პედაგოგმა ილარიონ დობრომილოვმა, ეგზარქოსმა იონა ვასილევსკიმ, განმანათლებელმა ბერმა იონა ხელაშვილმა, მოგზაურმა და მწერალმა გიორგი ავალიშვილმა, ბაგრატ ბატონიშვილმა.
1824 წლიდან 1827 წლამდე სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, სადაც დაამუშავა და გამოაქვეყნა „ლოგიკა“, რომელიც ამ დარგში პირველი სახელმძღვანელო იყო იმპერიის მასშტაბით. ს.დოდაშვილის ფილოსოფიის ძირითადი პრინციპია, ისევე როგორც კანტის, - ადამიანმა საერთო საკაცობრიო კულტურის განვითარების საბოლოო მიზნად საყოველთაო მშვიდობა დასახოს.
1827 წლის 24 ივლისს დაბრუნდა თბილისში; დაინიშნა კეთილშობილთა სასწავლებლის პედაგოგად და გაზეთ „ტფილისის უწყებანის“ რედაქტორად; 1830 წელს გამოსცა ქართული ენის მეცნიერული გრამატიკა და პირველი ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ჟურნალი საქართველოში.
ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში და აქტიური მონაწილეობა მიიღო 1832 წლის შეთქმულებაში, რის გამოც დააპატიმრეს, გაასამართლეს და 1834 წელს ცენტრალურ რუსეთში, ქალაქ ვიატკაში, გადაასახლეს. იქ ჭლექი შეეყარა და 1836 წლის 20 აგვისტოს გარდაიცვალა.
ნეშთი 1994 წელს საქართველოში ჩამოასვენეს და მთაწმინდაზე დაკრძალეს.
უმდიდრესი და პირველხარისხოვანი წერილობითი მემკვიდრეობა მან ექვსი წლის განმავლობაში, დაპატიმრებამდე და გადასახლებამდე შექმნა. ეს მსოფლიო მასშტაბითაც კი ძალზე იშვიათი მოვლენაა. ამის გამო აკადემიკოსმა შალვა ნუცუბიძემ მას „ქართული აზროვნების საკვირველება“ უწოდა.